ნიკოლაოს ასპრულისი (Nikolaos Asproulis)

2022 წლის ივლისში, ბერძნული ზაფხულის ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც მართლმადიდებლურმა ნათლობამ მწვავე დებატები გამოიწვია (შეიძლება ითქვას, „კულტურული ომების“ კიდევ ერთი ეპიზოდი), რომელიც ეკლესიაში ბავშვის ნათლობის წინაპირობებთან (არსებობს კი ასეთი წინაპირობები?) იყო დაკავშირებული. მართალია, ბერძნული საზოგადოება მიჩვეულია გაზეთებსა და სოციალურ მედიაში საეკლესიო საკითხების კითხვას (მაგალითად, საეკლესიო საკუთრების ან პოლიტიკურ საკითხებში ეკლესიის ჩარევასთან დაკავშირებით), მაგრამ ჩვენ მიერ განსახილველი საკითხი სრულიად განსხვავებულ შემთხვევას უკავშირდება, რადგან მისით, წინა პლანზე წამოიწია არსებითი და კრიტიკული კითხვების სერია, რომელიც, სეკულარულ ხანაში ქრისტიანულ იდენტობას უკავშირდება. არსებობენ თუ არა გარკვეული საღვთისმეტყველო ან სხვა სახის წინაპირობები, რომლებიც პიროვნების ნათლობას უშვებენ ან კრძალავენ? იღებს თუ არა ეკლესია ერთნაირსქესიანთა ქორწინებას?
2022 წლის 9 ივლისს, ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი საბერძნეთის დედაქალაქს ეწვია, რათა ცნობილი მოდის დიზაინერების, პიტერ დუნდასა და ევანგელოს ბუსისის შვილები ათენისგან მოშორებულ სამრევლოში (ვულიაღმენი) მოენათლა. აღნიშნული სამრევლო გლიფადას მიტროპოლიტის იურისდიქციაშია, ხოლო თავად ეს სამიტროპოლიტო კი იმ ოთხმოც ეპარქიაში შედის, რომელიც საბერძნეთის ეკლესიის სინოდალურ სისტემას ქმნის. მალე, ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა ნათლობამ მითიური მასშტაბები მიიღო და ადგილობრივი ეპისკოპოსისა და სხვა ტრადიციონალისტების ბრძოლის ველად გადაიქცა. აღნიშნული პირები, აწ უკვე აღსრულებულ ნათლობას განსხვავებული მიზეზების გამო ეწინააღმდეგებოდნენ. მათ თანახმად, მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა სხვა იურისდიქციაში აღასრულა ღვთისმსახურება, რაც კანონიკურად გაუმართლებელი იყო, მაგრამ მათთვის არსებითი საკითხი ჰომოსექსუალობას ეხებოდა, რამდენადაც, მოინათლა ბავშვი, რომლის მშობლებიც ერთნაირსქესიანი პიროვნებები იყვნენ.
პირველი რეაქცია გლიფადის მიტროპოლიტ ანტონისგან წამოვიდა, რომელმაც იურისდიქციის საკითხი წამოწია. მის თანახმად, ელპიდოფოროსი გარკვეულწილად თვითნებურად მოქმედებდა, რამდენადაც, მთავარეპისკოპოსს მის იურისდიქციაში ნათლობის აღსრულებისათვის საჭირო შესაბამისი უფლება არ ჰქონდა. ნათლობიდან მალევე, სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გავრცელდა (გაითვალისწინეთ, რომ ფოტო არ გავრცელებულა არც ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს ოფიციალური მედიის და არც ბავშვების მშობლების პროფილით), სადაც, ამერიკის მთავარეპისკოპოსი, მშობლებსა და სხვა ცნობილ სტუმრებს შორის იდგა. თუკი ადამიანი, ფოტოს ქვემოთ დაწერილ კომენტარებს არ გაეცნობოდა ან დეტალებში არ გაერკვეოდა, მაშინვე შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკის სამთავარეპისკოპოსომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარა. როგორც ჩანს, სწორედ ამით იყო გამოწვეული ამერიკის მთავარეპისკოპოსის წინააღმდეგ ანტონის მიერ გამოხატული რეაქცია. მან დაადანაშაულა ელპიდოფოროსი, რომ ამ უკანასკნელმა, არ აცნობა ეპარქიას ბავშვების მშობლების სექსუალობის შესახებ.
ზემოთაღნიშნული ერთადერთი გამოხმაურება არ ყოფილა. მოგვიანებით, კალავრიტას ყოფილმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ გადაწყვიტა, რომ მთავარეპისკოპოსისთვის ეჩივლა. ამბროსიმ განაცხადა: „იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოქმედებით მართლმადიდებლური სწავლება და ტრადიციები უპირობოდ ირღვევა და მრუშობის (ე.ი. ორი ერთნაირსქესიანი ადამიანის უკანონო ოჯახური კავშირის) დაკანონება ხდება, მე ვგმობ ამერიკის მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსს. იგი ირიბად, მაგრამ ნათლად აღიარებს და აკანონებს არაბუნებრივ ცოლქმრულ კავშირს და ერთნაირსქესიან ადამიანებს შორის არაბუნებრივ ურთიერთობას. ეს იმ ტიპის ურთიერთობაა, რომელიც შემოქმედმა ღმერთმა უპირობოდ დაგმო.“ მოხმობილი ციტატიდან სავსებით ნათელია, რომ საკითხთან ცენტრალური ნაწილი სწორედ ჰომოსექსუალობა იყო.
ნათლობასთან დაკავშირებით გამოთქმული რეაქციები ათონის მთამ გააგრძელა. ესაა ასკეტური კრებული, რომელიც თავისი ათასწლოვანი ისტორითაა ცნობილი. ჩვეულებისამებრ, ათონის მთის კრებული სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კომენტარებს ან ოფიციალურ წერილებს აქვეყნებს ხოლმე (გასაკვირია, რომ ეს ყოველივე არ მიემართება უკრაინაში წარმოებულ რუსულ საომარ მოქმედებებში მოსკოვის საპატრიარქოს როლს). გამონაკლისი არც ჩვენ მიერ განხილული ნათლობის ფაქტი გამოდგა. ათონის მთის კრებულმა კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახის ,,სახარებისეულად დადგენილ“ და ტრადიციულ ხასიათს იცავს. ეს განცხადება განსაკუთრებით უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ათონის ხუცესებს ოჯახური ცხოვრების ან ოჯახის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებზე გამკლავების გამოცდილება არ აქვთ. წერილში ვკითხულობთ: „სახარებისეული სწავლებისა და მართლმადიდებლური ეთოსის თანახმად, აშკარად უცხოა იმის თქმა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილი შეიძლება ოჯახად ჩაითვალოს და მათ ბავშვის აყვანის უფლება მიეცეთ. ამგვარ ადამიანთა მხრიდან, ნებისმიერი სახით, ბავშვის შვილად აყვანა ეწინააღმდეგება როგორც სახარებისეულ და ადამიანის ბუნებით სწავლებას, ასევე, ჩვენი ხალხის (ე.ი. ბერძნების) ტრადიციას. ამასთანავე, იგი იმ უდანაშაულო და დაუცველი ხალხის უფლებებსაც არღვევს, რომლებსაც ნორმალურ საოჯახო გარემოში ცხოვრების არჩევანის უფლება არ აქვს.“ ეს წერილიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საკითხში მთავარი პრობლემა ჰომოსექსუალობაა.
ნათლობისგან გამოწვეული მღელვარების გათვალისწინებით, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გადაწყვიტა ოფიციალური წერილით მიემართა მსოფლიო საპატრიარქოსთვის, რომელშიც გააპროტესტებდა მომხდარ მოვლენებს და აღნიშნავდა თუ რაოდენ უარყოფითი გავლენები შეიძლებოდა მოეხდინა ამგვარ მოქმედებას ადგილობრივი ეკლესიის მრევლზე. მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის პასუხის მოლოდინში, ნება გვიბოძეთ, უფრო ღრმად განვიხილოთ ზემოთმოხმობილ რეაქციათა ზოგიერთი ასპექტი.
თავდაპირველად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულმა რეაქციებმა გარკვეული თეოლოგიური სასამოძღვრო საკითხები წამოწიეს წინ: თუკი ქრისტე მოუწოდებს მოწაფეებს, რომ მასთან მიუშვან ბავშვები (მათ. 19,14), ვის შეუძლია, რომ ამ მცნებას შეეწინააღმდეგოს და უარყოს ბავშვების ნათლობა და ღვთის სასუფეველში მათი შესვლა? კანონიკურად აღსრულებულ ნათლობასთან დაკავშირებით საკამათო არაფერი არ უნდა იყოს. ყველა ბავშვს აქვს ნათლისღების უფლება. ამასთანავე, ჭირდება კი რომელიმე ეპისკოპოსს ან მთავარეპისკოპოსს სპეციალური უფლება, რომ საკუთარი იურისდიქციის მიღმა ნათლობა აღასრულოს? მაშინ როდესაც ერთი ეპისკოპოსი ან მთავარეპისკოპოსი, მეორე ეპისკოპოსს ნათლისღების აღსრულებისთვის უფლების მიღებას წერილით თხოვს, ამ ოფიციალური წერილის გარდა, ქრისტიანული სარწმუნოების დამადასტურებელი დოკუმენტიც (ამ შემთხვევაში, ამგვარი წერილით უნდა გადმოიცეს მშობლები მიეკუთვნებიან თუ არა ტრადიციული ტიპის ოჯახს) უნდა გაუგზავნოს, რომელზე დაყრდნობითად ნათლობის აღსრულების ან მისი გაუქმების გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი? დიაკონი იოანე ხრისავგისი სამართლიანად კითხულობს: რას გადაწყვეტდა ადგილობრივი ეპისკოპოსი, წყვილს პირადად მისთვის რომ ეთხოვა ნათლობის ჩატარება? იგი უბრალოდ უარყოფდა ამ თხოვნას თუ გაითვალისწინებდა სამრევლოზე ამ უარყოფის სამოძღვრო (ისევე როგორც ეკონომიკურ) გავლენას? საკმაოდ უცნაური და პარადოქსულია, რომ სიყვარულით არ მივიღო ის, ვინც ნებაყოფლობით მოდის ეკლესიაში (რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, კულტურული თუ ეგზისტენციალური). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ მივცეთ მას ხსნის შესაძლებლობა, იმის მიუხედავად თუ რას გააკეთებს ზრდასრული ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით. ჩემი აზრით,ამ საკითხთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ეკლესიის მხრიდან ახალშობილი ბავშვებისა და მათი ოჯახისადმი გაუმართლებელი მიდგომა იყო, რაც ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიმართული კულტურული ომით იყო გამოწვეული და რომელი ჰომოსექსუალობაც ტრადიციული ბერძნული საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია, მიუხედავად ბოლოდროინდელი სამართლებრივი რეგულაციებისა, გეი აღლუმებისა და საკითხის ირგვლივ წარმოებული განხილვებისა. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულ მართლმადიდებლებს (ვგულისხმობთ როგორც ეპისკოპოსებს, ასევე, საეროებს) შორის ჰომოფობია არსებობს. ისინი სამყაროს მანიქეისტურ ხედვას (ამგვარი ხედვის თანახმად, სამყარო სიკეთესა და ბოროტებას შორის მიმდინარე ბრძოლის ველია) იზიარებენ, რის გამოც, არსებით სამოძღვრო საკითხს ნაკლები ყურადღება ექცევა, სახელდობრ ღმერთსა და ამ წყვილის ბავშვებს შორის ურთიერთობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთსა და კაცობრიობას შორის ურთიერთობას, რაც ქრისტიანული გადმოსახედიდან, ყოველი ადამიანის მიზანია. გულახდილები რომ ვიყოთ, ნათლობის მოწინაღმდეგეები განა მართლა ზრუნავენ ამ ბავშების განღმრთობაზე?
თუმცა, ამ ნათლობის წინააღმდეგ გამოხატული რეაქციები, როგორც ჩანს, საღვთისმეტყველო მიზეზების გამოც არიან განსაკუთრებულად პრობლემურნი. თუკი ადამიანი, ყოველი პიროვნების (ფერის, რელიგიის, ეროვნებისა და სექსუალობის მიუხედავად) ღირსებასა და უნიკალურ ხასიათს აღიარებს, ამასთანავე კი ჯერა, რომ თითოეული ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი, მაშინ როგორ შეუძლია მას, რომ პირველი ქვა გაისროლოს (ინ. 8,7), როგორ შეუძლია მას, რომ ჩვილი ან ზრდასრული, სქესის, სოციალური კლასის, ფერის ან ეროვნების საფუძველზე (ეს უკანასკნელი, საუკუნეებია, მართლმადიდებლობის უმთავრესი გამოწვევა და ცდუნების საფუძველია) სიცოცხლის წყაროდან მოკვეთოს, რაც ქრისტეს სხეულია. თუკი ყველა ადამიანი ღმერთთან ზიარებისთვისაა მოწოდებული, მაშინ, ეს ზიარება პიროვნულ დონეზე ხდება (ე.ი. თავისუფლებასა და სიყვარულში) და არა ბუნების დონეზე, რომელიც თავისი დაცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, გახრწნილია და გარდაქმნა ესაჭიროება. თუკი ჰომოსექსუალობა ეკლესიისთვის პრობლემად განიხილება, მაშინ, ეს პრობლემა, ეკლესიის წარუმატებლობაზეც მიუთითებს, რომელმაც ვერ შეძლო, რომ მართებულად გადმოეცა პიროვნების იდეალი და დაერწმუნებინა ყველა ადამიანი, ფიზიკური მახასიათებლების მიუხედავად, რომ მათ სასუფეველში შესვლის ფუნდამენტური უფლება აქვთ. ამ კონტექსტში უნდა მოვიხმოთ დოკუმენტი -„მსოფლიოს სიცოცხლისათვის – მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთოსის შესახებ“, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა და თანამედროვე „კულტურულ“ დაპირისპირებებს ეწინააღმდეგება. ეს დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი დისკრიმინაციისა და სამართლებრივი შევიწროებისგან თავისუფალი უნდა იყოს §19. საუბარი ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც პიროვნებაში არსებულ ღვთის ხატებასა და მსგავსებაზეა დამოკიდებული და არა სექსუალურ თუ სხვა სახის ორიენტაციაზე §19. უფრო მეტიც, საკუთარ კრებულთა ეთიკური სიწმინდის დაცვისათვის მოჯანყე ქრისტიანთაგან (და, განსაკუთრებით, ეკლესიის ოფიციალურ პირთაგან), ვისზე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ჭეშმარიტებას უალტერნატივოდ იღებენ და არ ითვალისწინებენ მის სოციალური კლასს, ძალაუფლებასა და საზოგადოებრივ სტატუსს?
გასულ ზაფხულს აღსრულებული ეს ნათლობა ჩვენს ყურადღებას მარადიული, მაგრამ კვლავ ღია კითხვისკენ მიმართავს: ვინ ვარ მე? ჩვენ, ადამიანები, რა თქმა უნდა, ცოდვილები ვართ, მაგრამ, ასევე, ღვთის ხატად და მსგავსადაც ვართ შექმნილნი და დაცემისა თუ გადაცდომების მიუხედავად, მუდმივად განსრულებისკენ მივისწრაფვით. ჩვენ, როგორც ეკლესიებმა, იმისათვის, რომ გავცდეთ უნაყოფო პოლარიზაციას, უნდა მოვიკრიბოთ საბოლოო გამბედაობა და როგორც სინოდალურ, ასევე, სამეცნიერო-თეოლოგიურ დონეზე, ადამიანად ყოფნის საკითხი სერიოზულად განვიხილოთ. ეს გულწრფელი განხილვები თანამედროვე სოციალური და სამეცნიერო განვითარებების საწინააღმდეგო და უარყოფის მიმართულებით არ უნდა წარიმართოს (ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ და არა რომელიღაც გარდასრულ, დიდებულ ბიზანტიურ ან რუსულ ხანაში). პირიქით, ასეთი განხილვები ისე უნდა წარიმართოს, რომ პატივი მიეგოს მდიდარ და ხშირად ნორმატიულ ტრადიციას (ღვთის ხატისებრობისა და პიროვნებასთან დაკავშირებით), მაგრამ, ამავდროულად, თეოლოგიურად შინაარსიანი და პასტორალურად მგრძნობიარე მიდგომით შეხვდეს თანამედროვეობის გამოწვევებს, მათ შორის, ჰომოსექსუალობის საკითხს. მსურს წარმოდგენილი ტექსტი მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსის სიტყვებით დავასრულო, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულისმიერ და ყოვლისმომცველ სულისკვეთებას გადოსცემს: „ყოველი პიროვნება, იმის მიუხედავად თუ ვინაა ან რა გაუკეთებია (კარგი თუ ცუდი) მას, ღვთის სიყვარულის ღირსია. ხოლო თუკი ის ღვთის სიყვარულის ღირსია, მაშინ ჩვენი სიყვარულის ღირსიცაა.“
დამატებითი ლიტერატურა:
Nicholas Denysenko, “To baptize or not? God’s love and image”
John Chryssavgis, “Do the Gospels Really Worry about Supporting the Nuclear Family?”
John Chryssavgis, “A Tempest over a Baptism in Greece Raises Questions about What We’re Trying to Protect”
https://www.kathimerini.gr/society/561959734/i-vaptisi-poy-dichazei-tin-ekklisia/
მსოფლიოს სიცოცხლისათვის – მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთოსის შესახებ
ნიკოლაოს ასპრულისი (Nikolaos Asproulis) ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის დირექტორის მოადგილე და ლექტორია (Hellenic Open University).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.