თომას ბრემერი (Thomas Bremer)

მას შემდეგ, რაც 2019 წლის დასაწყისში, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (OCU, მეთაური – მიტროპოლიტი ეპიფანე) ავტოკეფალია მიიღო, იგი უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას (UOC, მეთაური – მიტროპოლიტი ონუფრი) კონკურენციას უწევს არა მხოლოდ კანონიკურობის, არამედ, სამრევლოებისა და მორწმუნეების რაოდენობის მიხედვითაც. როგორც OCU, ასევე, UOC, პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ იგია ქვეყანაში არსებული ერთადერთი და ყველაზე დიდი კანონიკური ეკლესია, მაგრამ UOC-დან OCU-ს იურისდიქციაში სამრევლოების გადასვლამ (რამდენიმე შემთხვევაში პირიქითაც მოხდა) და საომარმა სიტუაციამ (რის გამოც, როგორც ხელისუფალნი, ასევე, მორწმუნეები, უფრო აქტუალური პრობლემებით დაკავდნენ), თითქმის შეუძლებელი გახადა სანდო მონაცემების მოპოვება. 2022 წლის 13 სექტემბერს, ეთნოპოლიტიკისა და ცნობიერების თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ოლენა ბოჰდანმა, UOC შეაფასა, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი რელიგიური „კავშირი.“ ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთმა გამოჟონილმა დოკუმენტმა ცხადყო, რომ კიევის ოლქის უშიშროების სამსახურის თანახმად, UOC-დან OCU-ს იურისდიქციაში მორწმუნეების გადასვლამ, შეიძლება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას (რამდენადაც, გასავლისათვის მოსამზადებელმა სამრევლოების შეხვედრებმა, შეიძლება ღია კონფლიქტები გამოიწვიოს, რადგან ამ პროცესებს კონფესიათა შორის სიძულვილის გაღვივება შეუძლიათ). OCU-ს სინოდმა, 18 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ UOC-დან („რომელსაც საზოგადოების მხოლოდ 4% უჭერს მხარს“) სამრევლოების გადასვლას, თავად სახელისუფლებო ორგანოები აბრკოლებენ.
თუმცა შეკითხვა თუ რომელი ეკლესიაა უფრო დიდი, ღიად რჩება. მონაცემთა დათვლის სულ ორი გზა არსებობს, სახელდობრ, სამრევლოთა და მორწმუნეთა რაოდენობის მიხედვით. სამრევლოებთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას ძალიან საფუძლიანი სტატისტიკა აქვს. ყველა რელიგიური კრებული (რომელსაც სამართლებრივად სურს უკრაინაში არსებობა), სწორედ ზემოთნახსენებ სახელმწიფო სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს და რეგულარულად მიაწოდოს ამ უკანასკნელს ინფორმაცია სამრევლოების, სასულიერო პირების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სხვა მსგავსი მონაცემების შესახებ. ჩვენ ხელთ მრავალწლიანი სტატისტიკა გვაქვს, რომელიც რელიგიური თემების ზრდის (ან კლების) დინამიკის დანახვის საშუალებას გვაძლევს. ამ რიცხვების განმარტებისთვის რამდენიმე ელემენტია მნიშვნელოვანი.
- სამრევლოთა რიცხვები მოიცავს, როგორც „აქტიურ“, ასევე, „არააქტიურ“ ერთეულებს. მართლმადიდებლურ თემებს შორის დაძაბულობის წლებში, ზოგიერთმა სამრევლო მხოლოდ იმიტომ დაარსა, რომ ამა თუ იმ რეგიონში წარმოდგენილი ყოფილიყო, მაგრამ, რეალურად, ამ სამრევლოებს საერთოდ არ უფუნქციონირებიათ.
- კატეგორია „სამრევლო“ ზომასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. ეს შეიძლება იყოს ქალაქში არსებული დიდი საკათედრო ტაძარი, სადაც კვირა დღეს რამდენიმე წირვა ტარდება, ხოლო თითოეულ მათგანს კი ასობით ადამიანი ესწრება, ან სოფლის პატარა ეკლესია, სადაც კვირის წირვას საშუალოდ 15 მორწმუნე ესწრება. ზემოთჩამთვლილი შემთხვევებიდან თითოეული, „ერთ სამრევლოდ“ შეიძლება ჩაითვალოს.
- 2019 წლის დასაწყისში, OCU-ს დაარსების შემდეგ, UOC-ს რამდენიმე ასეული სამრევლო OCU-ს იურისდიქციაში გადავიდა. 2022 წლის დასაწყისში ამგვარი 1151 შემთხვევა დაფიქსირდა. UOC-მ ამგვარი „გადასვლების“ თაობაზე პროტესტი გამოთქვა და უმეტესობა მათგანზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ხშირ შემთხვევებში, როგორც ჩანს, სამრევლოები მთლიანად კი არ „გადასულან“, არამედ, გაიყვნენ: ერთი ნაწილი წავიდა OCU-ში, ხოლო მეორე ნაწილი კი UOC-ში დარჩა. ამგვარად, სამრევლო გადადის OCU-ს იურისდიქციაში, თუმცა, UOC ახალ სამრევლოს აარსებს იმავე ქალაქში ან სოფელში. ეს ნიშნავს, რომ ორივე ეკლესია იზრდება (სამრევლოების რაოდენობის მიხედვით).
- სტატისტიკა ამა თუ იმ სტატუსს, ყოველი წლის პირველი იანვრის მონაცემების საფუძველზე ასახავს. ომის დაწყების შემდეგ ვითარება ბევრგან შეიცვალა. „გადასვლების“ შესაფერისი რეგისტრაცია ხშირად შეუძლებელია და ვერც ვერავინ იძლევა ოკუპირებულ და საომარ ზონებში მდებარე ტერიტორიებზე არსებულ ზუსტ მონაცემებს. ზოგიერთ მონაცემზე დაყრდნობით, რუსეთის ხელისუფლება, საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე, UOC-ს (ან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის) გარდა სხვა ეკლესიას არ უშვებს.
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, მოდით, უახლოეს სტატისტიკას გადავხედოთ (2021 წლის პირველი იანვარი). UOC-ს ჰყავდა 12 406 სამრევლო, მათ შორის 239 „არააქტიური“ და „89“ არარეგისტრირებული. UOC-ს ჰყავდა 7 188 სამრევლო, რომელთაგანაც 457 არააქტიური იყო, ხოლოდ 328 კი არარეგისტრირებული. უკრაინაში კიდევ შვიდი მართლმადიდებელი ეკლესიაა, მაგრამ მათგან 79-ზე მეტი სამრევლო არცერთს არ ჰყავს და, შესაბამისად, ისინი სტატისტიკურად მნიშვნელოვანნი არ არიან.
ამ რიცხვებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ UOC-ს სამრევლოები, რიცხობრივად, OCU-ს სჭარბობენ. რეგიონალური განსხვავებები თვალში საცემნი არიან. ზოგიერთ ოლქებში, ერთი ეკლესია მეორეზე ათჯერ დიდიც კი შეიძლება იყოს.
ამ კონტექსტში სასულიერო პირების რაოდენობაც საინტერესოა. ორივე ეკლესიას, სამრევლოებთან შედარებით, ბევრად ნაკლები სასულიერო პირი ჰყავს (UOC-ს 10 510 სასულიერო პირი ჰყავს 12 406 სამრევლოსთვის, ხოლო OCU-ს კი 4 572 კლერიკოსი 7 188 სამრევლოსთვის. აქ რეგიონალური განსხვავებები ძალიან მნიშვნელოვანია. OCU-ს 25 ოლქიდან მხოლოდ ერთში ჰყავს სამრევლოზე მეტი სასულიერო პირი, ხოლო UOC-ს კი ათიდან ერთში. ორი უკიდურესი მაგალითი: ჩერკასის ოლქში OCU-ს მხოლოდ 255 მღვდელმსახური ჰყავს 569 სამრევლოსთვის. ვინიციის ოლქში კი OCU-ს 129 სასულიერო პირი ჰყავს 422 სამრევლოსთვის.
ახლა, რაც შეეხება, მორწმუნეთა რაოდენობას. ამ საკითხთან დაკავშირებით, არც სახელმწიფო და არც საეკლესიო ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. სოციოლოგები მონაცემთა დადგენას გამოკითხვების საშუალებით ცდილობენ. უკრაინაში, საზოგდოებრივი აზრის კვლევის ყველაზე ცნობილი ინსტიტუტი – რაზუმკოვის ცენტრი, მრავალი წლის განმავლობაში გამოკითხვებს ატარებდა და შედეგებს აქვეყნებდა. აქაც რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ:
- მრავალი უკრაინელი (36%), გამოკითხვის დროს, საკუთარ თავს, „უბრალოდ, მართლმადიდებლად“ მოიხსენიებს. მათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება რომელიმე საეკლესიო ორგანიზაციასთან კი არ სურთ, არამედ, იმაზე ხაზგასმა, რომ ისინი მართლმადიდებლები არიან.
- თავად მკვლევრებიც აღიარებენ, რომ გამოკითხულებმა ხშირად საკუთარი ეკლესიის ოფიციალური სახელწოდებაც არ იციან. როდესაც ადამიანთა ერთ ჯგუფს ეკითხებიან თუ რომელ ეკლესიას მიეკუთვნებიან ისინი და ამ შეკითხვის შემდეგ უკვე სხვა შეკითხვას უსვამენ, ერთი შედეგი დგება. მაგრამ მაშინ, როდესაც ეკლესიები განსხვავებული თანმიმდევრობით არიან დალაგებულნი, შედეგებიც მნიშვნელოვნად განსხვავებულნი არიან. ხალხი აშკარად ამჩნევს სიის თავში არსებულ ეკლესიას, რომელიც, მას მიესადაგება და ნიშნულსაც სწორედ იქვე სვამს. ამ ფენომენს ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ეკლესიების სახელები ერთმანეთს ძალიან გვანან.
- კვლევებში, ნაწილობრივ, გამოყენებულია ეკლესიათა მართებული დასახელებები, ნაწილობრივ კი არაოფიციალური სახელები. UOC კითხვარებში წარმოდგენილია, როგორც „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქო.“ ამგვარი ფორმულირება მისი სახელი არაა და არც არასდროს ყოფილა. ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ხოლო მოსკოვის პატრიარქი კი ამ თავდასხმას ემხრობა, ძნელი წარმოსადგენია, რომ UOC-ს წევრებმა მითითებულ ველში თანხმობა დააფიქსირონ. გარდა ამისა, ეკლესიის სახელს ხშირად მისი მეთაურის სახელიც ემატება. მიტროპოლიტი ეპიფანე (OCU), ბევრად უფრო მეტადაა საჯარო სივრცესა და მედიაში წარმოდგენილი, ვიდრე მისი კოლება, მიტროპოლიტი ონუფრი (UOC), რაც, ასევე, ზრდის იმის ალბათობას, რომ ხალხი, კითხვარში, იმ ეკლესიისადმი კუთვნილებას აფიქსირებს, რომელიც ეპიფანეს გვერდითაა ჩაწერილი.
ომამდე, საკითხის შესწავლა, ზოგიერთ ეკლესიაში მოსიარულე ადამიანთა უბრალოდ დათვლითაც ხდებოდა. შედეგი ძალიან ყურადსაღები იყო. იმის მიუხედავად, რომ სოციოლოგები, მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდნენ ღვთისმოსაობისა და ეკლესიაში დასწრების მაღალი ხარისხის შესახებ, ღვთისმსახურებას გაცილებით ნაკლები ადამიანი ესწრებოდა. იმ შემთხვევაში თუკი ყველა ის ადამიანი, პრაქტიკაში, მართლა დაესწრებოდა ღვთისმსახურებას, რომელიც ამას საუბარში აცხადებდა, მაშინ, ეკლესიები მორწმუნეებს ვერ დაიტევდნენ. მეტი და უკეთ კოორდინირებული კვლევის ჩატარება საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ომის პირობებში ეს ყოველივე შეუძლებელია. თუმცა, კვლევები ცხადყოფენ, რომ UOC-ს მორწმუნეები უფრო მეტად არიან სამრევლოებთან დაკავშირებულნი, უფრო აქტიურად არიან მათში ჩართულები და უფრო ხშირადაც ესწრებიან ღვთისმსახურებებს, ვიდრე ეს OCU-ს შემთხვევაში ხდება ხოლმე.
ამ მონაცემებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მორწმუნეთა რაოდენობის შესახებ რაიმე სანდო განცხადების გაკეთება არ შეგვიძლია. OCU-ს მიერ ციტირებული 4% მყარი არაა. ზემოთმოხმობილი მწირი ცნობების თანახმადაც, UOC სამრევლოების თვალსაზრისით უფრო დიდია, მაშინაც კი, თუკი ასობით სამრევლომ OCU-ს იურისდიქციაში გადაინაცვლა. საზოგადოების მხარდაჭერისა და კონკრეტულ ეკლესიასთან იდენტიფიცირების თვალსაზრისით, OCU უფრო ძლიერია.
საკითხავია, ციფრებში თუ გამოიხატება ეს ყოველივე. უკრაინის ეკლესიის საკითხის მოგვარება ორიდან ერთ-ერთის მარგინალიზებით ან „გადასვლების“ ხელშეწყობით არ მიიღწევა. სიტუაციის დასაძლევად თანაცხოვრების, ან თუნდაც თანამშრომლობის ახალი ფორმები უნდა მოიძებნოს. თუმცა, ასეთი შედეგი ნაკლებად სავარაუდოა. სამაგიეროდ, ორივე ეკლესია ერთმანეთს ჭიდილში ეჯიბრება, რომელშიც ვერცერთი ვერ გაიმარჯვებს.
თომას ბრემერი (Thomas Bremer) მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია), ეკუმენურ თეოლოგიასა და აღმოსავლეთის ეკლესიის კვლევებს ასწავლის.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.