კატეგორიის გარეშე

მსოფლიო საპატრიარქო და „ბარბაროსთა მიწების“ თეორია

Published on: ნოემბერი 16, 2022
Total views: 25
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 5 minutes

Matthew Namee (მეთიუ ნეიმი)

მსოფლიო საპატრიარქო ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრეროგატივა, არის მისი იურისდიქცია „დიასპორაზე,“ რომელშიც ის რეგიონები იგულისხმება, რომლებიც ავტოკეფალიური ეკლესიების გეოგრაფიულ საზღვრებში არ შედიან. მსოფლიო საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ეს ექსკლუზიური და ექსტრატერიტორიული იურისდიქცია სათავეს იღებს ქალკედონის 28-ე კანონიდან, რომელშიც ვკითხულობთ:

„მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა [ბარბაროსთა] ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ…“

ფრაზა – „აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები“, მსოფლიო საპატრიარქოს პრეტენზიათა მომხრეების მიერ განიმარტება, როგორც „ის ტერიტორიები, რომლებიც ადგილობრივი (ავტოკეფალიური) ეკლესიების გეოგრაფიული საზღვრების მიღმა მდებარეობენ.“

მაგრამ ამ აზრზს, ცალსახად, კანონი კი არ გამოხატავს, არამედ მისი ინტერპრეტაციები. ერთი შეხედვით, კანონი მხოლოდ იმ ეპისკოპოსებს მიემართება, რომლებიც პონტოს, აზიისა და თრაკიის ეპარქიებს მიეკუთვნებიან და ცალკეულ უცხოტომელთა შორის მსახურობენ.

კანონთა მთავარი განმმარტებლები (ზონარა, ბალსამონი და არისტინე), ამ ფრაზას სიტყვასიტყვით განმარტავენ და იმ კონკრეტულ ბარბაროსულ ჯგუფებზე მიუთითებენ, რომლებიც, პონტოს, აზიისა და თრაკიის მომიჯნავედ სახლობდნენ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელიც, სწორედ ამ განმარტებას იმეორებს პიდალიონში. იქ, თანამედროვე თეორიას ვერსად ვერ ნახავთ.

როგორც ჩანს, თანამედრვე თეორია სათავეს მეოცე საუკუნიდან იღებს, როდესაც ძველმა იმპერიებმა ადგილები „ეროვნულ სახელმწიფოებს“ დაუთმეს, ხოლო ამერიკაში კი დიდი ბერძნული დიასპორა გაჩნდა. ბერძნული მართლმადიდებლობისათვის, ამერიკა ველური დასავლეთი იყო, რომლის დე ფაქტო დამოუკიდებელი სამრევლოები სუსტად იყვნენ დაკავშრებულნი რომელიმე ძველ მსოფლიო იერარქიასთან. საბოლოოდ, მსოფლიო საპატრიარქომ სიტუაციის შეცვლა გადაწყვიტა. მსოფლიო საპატრიარქოს კომისიამ, 1907 წელს, წინადადება წამოაყენა, რომ „დიასპორაში“ მყოფი ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში უნდა გაერთიანებულიყო. მსოფლიო პატრიარქი იოაკიმე არ დაეთანხმა ამ შეთავაზებას, მისი აზრით, ამერიკაში მცხოვრები ბერძნები საბერძნეთის ეკლესიას უნდა დაქვემდებარებოდნენ, ხოლო სხვა დიასპორული ეკლესიები (უმეტესად რუსული) კი მათი იმჟამინდელი მეთაურების მწყემსმთავრობის ქვეშ დარჩენილიყვნენ.

1908 წელს მსოფლიო საპატრიარქომ ტომოსი გამოსცა, სადაც ნათლად იყო გაჟღერებული „ბარბაროსული მიწების“ თეორია, როგორც დიასპორაში მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციის საფუძველი. ამავდროულად, მასში ყურადღება ეთნიკურ ბერძნებზე იყო გამახვილებული და არა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე. ტომოსის დასაწყისსი, წმინდა სინოდი ცდილობს, რომ ის უძველესი კანონები მოიძიოს, რომელთა საფუძველზეც, მის წინაშე არსებულ კონკრეტულ სამოძღვრო გამოწვევას გაუმკლავდება. ამის შემდეგ ტომოსი ბარბაროსული მიწების თეორიას ამტკიცებს:

„ნათლად იყო განცხადებული, რომ არც საბერძნეთის უწმინდეს ეკლესიასა … და არც სხვა რომელიმე ეკლესიასა თუ საყდარს არ შეეძლო, რომ საკუთარი ძალაუფლება პირადი რეგიონის საზღვრებს მიღმა განევრცო. ამგვარი რამ მხოლოდ უწმინდეს, სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო საყდარს შეეძლო. სწორედ მას ჰქონდა ბოძებული პრეროგატივა, რომ ხელი დაესხა ბარბაროსულ ქვეყნებში ეპისკოპოსებისთვის და გაემწესებინა ისინი კონკრეტულ საეკლესიო საზღვრებს მიღმა. ასევე, სწორედ იგია შესაბამისად დადგენილი შუამდგომელი, რომელიც ამ ეკლესიებს [უცხო მიწებზე მდებარეთ] სულიერად იცავს.“

ამის შემდგომ, მსოფლიო საპატრიარქო, საბერძნეთის ეკლესიას გადასცემს „დიასპორაში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიებზე ზედამხედველობის უფლებას.“

დასაწყისში, ჩვენ ძალიან ექსპანსიური კანონიკური მოთხოვნა გვაქვს: მითითება კონსტანტინოპოლის უფლებაზე, რომ ხელი დაასხას ბარბაროსულ მიწებზე მყოფ ეპისკოპოსებს, რაც 28-ე კანონით ნათლადაა განჩინებული.  ტომოსი ამტკიცებს, რომ მხოლოდ კონსტანტინოპოლს შეუძლია „თავისი პირადი რეგიონის საზღვრებს გასცდეს.“ ტომოსი ნათლადაა ფოკუსირებული ბერძნებზე და არა ზოგადად მართლმადიდებელ ხალხზე. ტომოსი, არაბერძნებს, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში კი არ განიხილავს, არამედ, საერთოდაც არ ახსენებს მათ.

***

1921 წელს, ექსორიაში მყოფმა, ათენის ყოფილმა მიტროპოლიტმა მელეტიოს მეტაქსაკისმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს ჩამოყალიბებას უხელმძღვანელა. იმ დროს, მელეტიოსისა და სამთავარეპისკოპოსოს პოზიცია ბუნდოვანი იყო, თუმცა, წლის ბოლოს, უეცრად, მელეტიოსი მსოფლიო პატრიარქად გამოირჩიეს. იგი 1922 წელს აღსაყრდა და ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, სწორედ 1908 წლის ტომოსის გაუქმება და დიასპორაში მსოფლიო საპატრიარქოს ძალაუფლების დადგენა იყო.

ზემოთნახსენები გადაწყვეტილების გაუქმება, მელეტიოსისა და მისი სინოდის განჩინების საფუძველზე მოხდა. ეს ჩემთვის ცნობილი პირველი ადგილია, სადაც სრულად ექსპანსიური „ბარბაროსული მიწების“ თეორიაა ჩამოყალიბებული და, რომელიც, ეთნიკური ბერძნებით არ იფარგება. განჩინების თანახმად, 1908 წლის ტომოსი, საბერძნეთის ეკლესიისთვის იყო მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური უფლების ბოძება, რათა საბერძნეთის ეკლესიას დიასპორაში მყოფ ბერძნულ მართლმადიდებლურ კრებულებზე კანონიკური ძალაუფლებისა და მათი დაცვის საფუძველი ჰქონოდა. ამ კრებულებში კი ისინი იგულისხმებიან, რომლებიც, უწმინდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების საზღვრებს მიღმა მდებარეობდნენ. განჩინება აკონკრეტებს, რომ რამდენადაც, ზემოთნახსენები კრებულები „ბერძნულენოვანნი“ იყვნენ, ხოლო საბერძნეთის ეკლესიამ კი ვერ შეძლო მათი წარმატებით მართვა, კონსტანტინოპოლი, დიასპორაზე არსებულ მის ძალაუფლებას იბრუნებდა. ეს ყველაფერი კი მისი ხელშეუხებელი უფლებით იყო განპირობებული, რომლის თანახმადაც, მას, წმინდა კანონებიდან და საეკლესიო მოწყობიდან გამომდინარე, უნდა ემართა და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინა საზღვარგარეთ და დიასპორაში არსებულ მართლმადიდებლურ სამრევლოებზე.  ამგვარად, განჩინებამ, ყურადღება, ბერძნულენოვანი ხალხიდან ყველა მართლმადიდებლურ კრებულზე გადაიტანა, იმის მიუხედავად, თუ რომელ ეროვნებას ან ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ისინი. ამ ექსპანსიურობასთან დაკავშირებით არსებული ყოველგვარი ეჭვის გაფანტვისათვის, განჩინება დასკვნით პარაგრაფში აჯამებს:

„იგი [მსოფლიო საყდარი] დაუყოვნებლივ, ხელშეუხებლად და სრულად აღადგენს თავის მმართველობით კანონიკურ უფლებებს, უშუალო წინამძღვრობასა და მწყემსმთავრობას (გამონაკლისის გარეშე) ყველა მართლმადიდებლურ კრებულზე, რომელიც ნებისმიერი ავტოკეფალური ეკლესიის საზღვრებს გარეთ მდებარეობენ, იქნებიან ისინი ევროპაში, ამერიკასა თუ სხვა რომელიმე ადგილზე. სწორედ მას [მსოფლიო საყდარს] შემოჰყავს ისინი საეკლესიო მორჩილების ქვეშ და წინამძღვრობს მათ. იგი [მსოფლიო საყდარი] ადგენს, რომ შემდგომ პერიოდში აღმოცენებული საეკლესიო კრებულები მხოლოდ მის კუთვნილებაში იქნებიან და მისგანვე მიიღებენ საეკლესიო მოწყობისა და ნამდვილობის კანონიკურობას.“  

შემდგომში, 17 მაისს, მელეტიოსმა და მისმა წმინდა სინოდმა ტომოსი გამოსცეს, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სამთავარეპისკოპოსო მსოფლიო საპატრიარქოს ეპარქიად განისაზღვრა. მაისის ტომოსი „ბარბაროსული მიწების“ თეორიის გამეორებით იწყება: „ეკლესიის კანონიკური განწესებანი და მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა, ღვთის ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ საზღვრებს მიღმა დაარსებულ მართლმადიდებლურ კრებულებს განუკუთვნებს უწმინდესი, სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდრის სამოძღვრო მმართველობას.“

1908 წლის ტომოსისგან (რომელიც ტერიტორიული იურისდიქციის ექსპანსიის პრეტენზიით კი იწყება, მაგრამ შემდგომ მხოლოდ ბერძნულ დიასპორაზე ფოკუსირდება) და 1922 წლის განჩინებიდან (რომელიც შემდგომში გაუქმდა) განსხვავებით, 1922 წლის ტომოსი ეთნიკურობას საერთოდ არ ახსენებს. ტომოსი განაჩინებს, რომ „ამიერიდან, ჩრდილოეთ ან სამხრეთ ამერიკაში არსებული ყოველი მართლმადიდებლური კრებული (განურჩევლად, თუ რომელ საეკლესიო სხეულში მსხემობენ ისინი) და, მომავალში დაარსებულნიც, ერთი საეკლესიო სხეულის წევრებად უნდა იცნობოდნენ, სახელდობრ კი „ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს.“ არა „ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს“, არამედ, „მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს.“

როგორც ჩანს, განჩინება, სამთავარეპისკოპოსოს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ერთადერთ კანონიკურ საეკლესიო ორგანოდ განიხილავს. თუმცა, სამთავარეპისკოპოსოს არასოდეს არ ჰქონია საყოველთაო მართლმადიდებლური ხასიათი, რომელიც, ერთი შეხედვით, ტომოსის მიერ იყო ნაგულისხმევი. სამთავარეპისკოპოსოს მართვა-გამგეობის თავდაპირველი დებულება, რომელიც, ასევე, 1922 წელს გამოიცა, მას [სამთავარეპისკოპოსოს] ბერძნულად მოიხსენიებს და განუკუთვნებს იმ ხალხს, რომლებიც ბერძნულს, როგორც ლიტურგიკულ ენას, ისე იყენებენ. დებულება განსაზღვრავს, რომ სამთავარეპისკოპოსო არსებობს, რათა ბერძნებისა და ბერძნული წარმომავლობის მქონე მართლმადიდებელი ამერიკელების სულიერ ცხოვრებას უწინამძღვროს.

***

მელეტიოსისა და მისი სინოდის ეს ორი აქტი, მსოფლიო საპატრიარქოს აქტივობის მხოლოდ ნაწილი იყო. მარტშივე, 1908 წლის ტომოსი გაუქმნდა. ერთი კვირის მანძილზე, მელეტიოსი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, სერბეთის ეკლესიის დელეგაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. კიდევ ერთი ტომოსი გამოიცა თიატირისა და დიდი ბრიტანეთის სამიტროპოლიტოსთან დაკავშირებით, რომელსაც, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში არსებული სამრევლოები უნდა ემართა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასთან დაკავშირებული ტომოსები მაისში გამოიცა, ხოლო სექტემბერში კი მელეტიოსმა წერილი გაავრცელა, რომელშიც, ანგლიკანური ხელდასხმების ვალიდურობა აღიარა.

მელეტიოსის გამორჩევაცა და მთელი ზემოთქმული აქტივობაც, ბერძნულ-თურქული ომის ჩიხისა და მცირე აზიის კატასტროფის წინაპერიოდის სიმშვიდის დროს მოხდა. თებერვალსა და მარტში, როდესაც მელეტიოსი აღსაყრდა და 1908 წლის ტომოსი გააუქმა, ბრიტანეთის მეთაურობით წარმოდგენილი მოკავშირეები ერთმანეთს ლონდონში გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებზე ხვდებოდნენ, რომლებზეც, ზავის დადების პირობებს განიხილავდნენ. ათათურქი განსხვავებულ მდგომარეობაში იყო და ბერძნებიც, უფრო და უფრო დემორალიზებულნი და დაყოფილნი ხდებოდნენ. დიასპორის შესახებ ტომოსის გამოცემამდე, საბჭოთა ხელისუფლებამ (რომელიც, თავის მხრივ, ეკლესიის დევნით იყო დაკავებული), თურქეთის დასახმარებლად დიდძალი ფინანსური დახმარება გააგზავნა. ბერძნებმა კონსტანტინოპოლის აღების მცდელობები დაიწყეს. ყველა მხარე სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა.

სწორედ ამ კონტექსტში, მელეტიოსმა და მისმა სინოდმა, 1908 წლის ტომოსი გააუქმეს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სამთავარეპისკოპოსო დაარსეს. მსოფლიო საპატრიარქოსა და მართლმადიდებლობის მომავალი, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, თურქეთში და, გულწრფლად რომ ვთქვათ, ყველგან, უეცრად, ეჭვქვეშ დადგა. დიდი იმპერიები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლური სამყაროს ბედს განსაზღვრავდნენ (რუსეთის, ოსმალეთისა და ჰაბსბურგების), მოულოდნელად გაქრნენ და მათ ადგილზე, საუკეთესო შემთხვევაში, გაურკვევლობა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი დევნა და ნგრევა გაჩნდა. ამ კონტექსტში, მელეტიოსმა (ალბათ, ისტორიაში ყველაზე უფრო კრეატიულმა, ამბიციურმა და პოლიტიკურად მოაზროვნე პატრიარქმა), დრამატულად, ხელახლა დააფუძნა მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტი და შეცვალა მისი მიზანი, რომელიც გახდა, „ბარბაროსულ მიწათა“ ექსპანსიის მეთაური, რაც მსოფლიოს უმეტეს ნაწილს მოიცავდა.


Matthew Namee (მეთიუ ნეიმი) Orthodox History-ს რედაქტორია, სადაც იგი 2009 წლიდან მუშაობს.

წარმოდგენილი ტექსტის უფრო ვრცელი ვერსია, თავდაპირველად, „ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს 100 წლისთავისათვის“ მიძღვნილ კონფერენციაზე  იქნა წაკითხული (2022 წლის 7 ოქტომბერი, Hellenic College-Holy Cross Greek Orthodox School of Theology). პირვანდელი ტექსტის სრული ვარიანტი, სქოლიოებთან და 1907 და 1922 წლის დოკუმენტების (ბერძნული დედანები და მათი ინგლისური თარგმანები) ლინკებთან ერთად იხ. https://orthodoxhistory.org/2022/10/12/the-origins-of-the-barbarian-lands-theory/.  

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu