მორინ პერი (Maureen Perrie)

2022 წლის 20 ნოემბერს, მოსკოვის პატრიარქმა კირილმა 76 წლის იუბილე აღნიშნა. მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამართულ მიღებაზე, პატრიარქმა სტუმრები აპოკალიფსური სიტყვებით გააფრთხილა, რომლებიც რუსეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებულ საფრთხეებს მიემართებოდნენ. უკრაინის ომის პირდაპირი ხსენების გარეშე, კირილმა ეკლესიას მოუწოდა აქტიურად დამდგარიყო სამშობლოს გვერდით, რომელიც „გლობალურ ბოროტებასა“ და „სამყაროსა და რუსეთის განადგურების შემძლებელ ანტიქრისტეს მოძრაობას“ ებრძვის. მისი თქმით, ანტიქრისტეს მთელი ძალები რუსეთის წინააღმეგ იქნებოდნენ მიმართულნი, რადგან სწორედ დღევანდელი რუსეთი იყო ის „შემაკავებელი ძალა“ (uderzhivuaiushchii), რომელიც წმინდა წერილში იყო ნახსენები ანტიქრისტეს მსოფლიოში გამოჩენასთან დაკავშირებით.[1]
ნათელია, რომ თავის დაბადების დღეზე, აუდიტორიასთან (რომელშიც, ძირითადად, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები შედიოდნენ) საუბრისას, „შემაკავებელი ძალის“ ბიბლიური კონცეფციის ახსნას კირილი საჭიროდ არ თვლიდა. თუმცა, რამდენიმე თვით ადრე, 7 აპრილს, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კირილი უკრაინაში მშვიდობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად ლოცვისკენ მოწოდებით გამოვიდა. მან იკითხა: რატომ შეუტიეს გარე ძალებმა „რუსულ მიწას?“ და უპასუხა: ბიბლიაში საუბარია გარკვეულ ძალაზე, რომელიც სამყაროში ანტიქრისტეს მოსვლას აკავებს. ისიც უნდა ითქვას, რომ წმინდა წერილში არაა დაკონკრეტებული თუ რომელ ძალაზეა საუბარი. ზოგის აზრით ეს რომის იმპერია იყო, სხვების აზრით კი – ეკლესია. კირილი ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს ბოლო შეხედულება იყო მართებული, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ეს ძალა არის „ყველა ჟამსა და მიწაზე მცხოვრები ყოველი ღვთისმოსავი ადამიანი და მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში მკვიდრობს და მოქმედებს.“ კირილის აზრით, სწორედ ამიტომ ებრძვიან მტრები ეკლესიის ერთიანობას. [2]
კირილი თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლის მონაკვეთს გულისხმობდა, რომელშიც პავლე მოციქული განმარტავს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლას წინ უძღვის „ურჯულოების კაცისა და წარწყმედის ძის“ გამოჩენა, რომელიც თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს, მაგრამ ამ ყოველივეს ხელს უშლის უკანონობის შემაკავებელი ძალა (2 თეს. 2:1-12). ეს გარკვეულწილად ბუნდოვანი ადგილი (როგორც კირილმა, თავის ქადაგებაშიც თქვა), უამრავ ინტერპრეტაცის ექვემდებარება. იმის მიუხედავად, რომ „ურჯულოების კაცი“, როგორც წესი, ანტიქრისტეს მიემართება, შემაკავებელი ძალა (რომელიც ბერძნული ტერმინით katechon-ით აღინიშნება), ბევრი კამათის საფუძველი გახდა. აპრილის ქადაგებაში, პატრიარქმა ის მოსაზრება აღნიშნა, რომლის თანახმადაც ეს ძალა რომის იმპერიას მიემართებოდა, მაგრამ მან არ დაამატა, რომ აღნიშნული იდეა, ზოგიერთმა რუსმა ფილოსოფოსმა მეორე და მესამე რომზე (შესაბამისად, ბიზანტია და მოსკოვი) განავრცეს. ფაქტობრივად, რუსეთის, როგორც კატეხონის კონცეპტი, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლამდე (უკრაინაში შეჭრამდე) ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ და ულტრა-ორთოდოქსულ წრეებში უკვე მოდური იყო. მაგალითად, ნეო-ევრაზიანელი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რამდენიმე წლის განმავლობაში katehon.com-ის საიტზე რეგულარულად აქვეყნებდა აპოკალიფსურ სტატიებს. გაურკვეველია რამდენად შორს გავრცელდა რუსეთის, როგორც კათეხონის კონცეპტი ამ ექსტრემისტული ნაწილებიდან თანამედროე რუსული პოლიტიკური აზრის მეინსტრიმამდე, მაგრამ კირილის გადახრა ეკლესიისა და მისი მიმდევრების (როგორც ეს აპრილის ქადაგებაში გამოჩნდა) სახიდან რუსეთის კატეხონად იდენტიფიცირებამდე (როგორც ეს ნოემბრის მიმართვაში ვნახეთ), პატრიარქის მხრიდან უფრო ხილული ნაციონალისტური პოზიციისკენ გადასვლაზე მიგვითითებს. კირილმა კი შეუძლებელია არ იცოდეს ამ კონცეპტის იდეოლოგიური რეზონანსების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რელიგიური ან კვაზირელიგიური საუბრების ზრდა შეინიშნება. 2022 წლის 30 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა, კრემლში გამოსვლისას (რაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ეძღვნებოდა), დასავლური ელიტები „ტრადიციული ღირებულებების“ უარყოფის გამო გააკრიტიკა და მათ შეხედულებებს „რელიგიის წინააღმდეგ მიმართული“ აშკარა „სატანიზმი“ უწოდა. ამის შემდეგ პუტინმა მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული ციტატა მოიხმო, სადაც ქრისტე მსმენელებს ცრუ წინასწარმეტყველთა შესახებ აფრთხილებდა, რომელთა ცნობაც მათივე ნაყოფით შეიძლება (მთ. 7:15-16). ამგვარად, პუტინი გულისხმობდა, რომ დასავლელი ლიდერების „შხამიანი ნაყოფი“ მათი ბოროტი ბუნების მანიშნებელი იყო, ხოლო ფრაზა კი – „ცრუ წინასწარმეტყველნი,“ რა თქმა უნდა, „ცრუ ქრისტეებისა“ (იხ. მთ. 24:24) და, შესაბამისად, ანტიქრისტეს შესატყვისი გახლდათ.
ცოტა ხნის წინ, დიმიტრი მედვედევმა (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შემდგომში რუსეთის პრეზიდენტმა, ახლა კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ), თავის Telegram-ის ანგარიშზე ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით (2022 წლის 4 ნოემბერი), საკმაოდ უხეში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იქადნიდა, რომ მართალია რუსეთს თავისი მტრების ჯოჯოხეთის ცეცხლში გაშვება შეეძლო (როგორც ჩანს, აქ მითითება ბირთვული ომის დაწყებაზე იყო), თუმცა, იგი მაინც თავს იკავებდა ამისგან. აღნიშნული ნაბიჯის საპირისპიროდ, მას წმინდა მიზანი ჰქონდა, რომ ჯოჯოხეთის მთავარი შეეჩერებინა, „რა სახელიც არ უნდა რქმეოდა მას – სატანა, ლუციფერი თუ იბლისი,“ რომლის მიზანიც ნგრევა გახლდათ. მედვედევმა ტერმინი – „იბლისი“ გამოიყენა, რომელიც ქრისტიანულ ტრადიციაში არსებული ტერმინის – ეშმაკის ისლამური შესატყვისია. ეს ფაქტი კი იმ სირთულეზე შეიძლება მიუთითებდეს, რომელთა წინაშეც რუსი პოლიტიკოსები დგანან, როდესაც ღიად ქრისტიანულ ტერმინებს იყენებენ იმ ომში, რომელშიც, მრავალკონფენსიური რუსეთის ფედერაციის არაქრისტიანი ჯარისკაცები მონაწილეობენ.
ეს აშკარად ნაკლები პრობლემაა პატრიარქი კირილისთვის. ფაქტობრივად, „შემაკავებელი ძალის“ კონცეფცია, ომის დროს, უფრო აპოკალიფსურ ცნებებთან შედარებით, ბევრად მიმზიდველია. მაშინ როცა ანტიქრისტე, ნეგატიური და ეშმაკეული ფიგურა შეიძლება იყოს, რომელიც ბოლო ჟამსა და უკანასკნელ სამსჯავროს მიემართება, კატეხონი შეიძლება პოზიტიური ცნება გამოდგეს გულმხურვალე, პატრიოტული მობილიზაციისათვის. რუსეთის, როგორც ბოროტების გლობალური ძალების „შემაკავებლის“ სახეში პატრიარქმა კირილმა, შეიძლება ის იდეალური მეტაფორა იპოვა, რომლითაც უკრაინაში შეჭრა, შეიძლება, რომ თავდაცვის კეთილშობილურ კამპანიად წარმოჩინდეს.
[1] http://www.patriarchia.ru/db/text/5978803.html
[2] http://www.patriarchia.ru/db/text/5915151.html
მორინ პერი (MAUREEN PERRIE) ბირმინგემის უნივერსიტეტის ემირეტუსი პროფესორია (რუსეთის ისტორია)
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.